პნევმონია ფილტვის ქსოვილის ინფექციური ბუნების მწვავე ანთებაა, რომელიც უწვრილეს ბრონქებს, ალვეოლებსა და მათ შორის მდებარე ქსოვილებს მოიცავს. არაინფექციური ხასიათის ანთებას კი პნევმონიტი ან ალვეოლიტი ეწოდება.
ტერმინი პნევმონია გულისხმობს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც დამოუკიდებელი დაავადების ასევე სხვა დაავადების გართულების სახით. ამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დროულად და სწორად მოხდეს პნევმონიის სახის დადგენა შემდგომი მკურნალობისთვის.
პნევმონიის კლსიფიკაცია
პნევმონიების დაყოფა ფილტვის ანატომიური ერთეულების დაზიანების მიხედვით ხდება.
ფილტვი შედგება წილებისგან, წილი - სეგმენტებისგან, სეგმენტები კი წილაკებისგან.
მარჯვენა ფილტვი შედგება სამი წილისგან, მარცხენა - ორისგან.
დაზიანება შეიძლება განვითარდეს როგორც მთლიან ფილტვში (ტოტალური პნევმონია. შეიძლება იყოს ცალმხრივი, როდესაც მხოლოდ ერთი ფილტვი ზიანდება, ან ორმხრივი ორივე ფილტვის დზიანებით), ასევე მთელ წილში (წილოვანი, ფიბროზული, კრუპოზული პნევმონია), წილის სეგმენტში (სეგმენტური პნევმონია) ან წილკში (წილაკოვანი, კეროვანი, კატარული პნევმონია, ბრონქოპნევმონია).
პათოგენეზის მიხედვით განასხვავებენ პირველად პნევმონიას, რომელიც დამოუკიდებელ დაავადებად აღმოცენდება და მეორეულ პნევმონიას, რომელიც ვითარდება რომელიმე სხვა, თუნდაც ფილტვის დაავადების ფონზე. ხოლო კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით მწვავე და გახანგრძლივებულ პნევმონიას. იმის მიხედვით კი სად განვითარდა პნევმონია გამოყოფენ ჰოსპიტალურ და საყოფაცხოვრებო პირობებში განვითრებულ პნევმონიებს. ასევე შეიძლება ჩამოყალიბდეს ქრონიკული პნევმონია, რომელიც ვითარდება ადრე გადატანილი მწვავე პნევმონიის არეში. ასევე შესაძლოა ფილტვებში მიმდინარე ალერგიული რეაქციების შედეგად განვითარდეს და სისტემური დაავადების გამოვლინებაც იყოს (ინტერსტიციული პნევმონია შემაერთებელი ქსოვილების დაავადების დროს).
გამომწვევი მიზეზების მიხედვით ცნობილია შემდეგი სახის პნევმონიები: ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, მიკოპლაზმური და რიკეტსიული.
წარმოშობის მომენტის მიხედვით კი შეიზლება იყოს: ასპირაციული (ვითარდება ოროფარინგეალური შიგთავსის ინჰალაციის შედეგად ქვედა სასუნთქი გზების მიმართულებით, რასაც სდევს ფილტვის ქსოვილის დაზიანება და მეორადი ბაქტერიული ინფექცია), პოსტოპერაციული, ტრამვის შემდგომი, ჰემორაგიული (სისხლდენით ან სისხლჩაქცევით მიმდინარე პნევმონია) და დესტრუქციული ( ფილტვის ქსოვილის ანატომიური სტრუქტურის დაშლით მიმდინარე პნევმონია).
თითოეულ მათგანს აქვს თავისი ეტიოლოგია ( ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები და პირობები), პათოგენეზი (ავადმყოფობის წარმოშობისა და განვითარების თანმიმდევრობა, მექანიზმი.), კლინიკური სურათი, რენტგენოლოგიური ნიშნები, ლაბორატორიული მონაცემები და საჭიროებს თავისებურ მკურნალობას.
დაავადების წარმოშობა
პნევმონიის ეტიოლოგია უკავშირდება სასუნთქი გზების ზედა ნაწილების მიკროფლორას, რომლის შემადგენლობაც პირდაპირ კავშირშია გარემოსთან, რომელშიც პაციენტი იმყოფება, მის ასაკსა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობსთან. როგორც ზემოთ ვთქვით პნევმონიის გამომწვევი მიზეზებია: ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები და პარაზიტები.
აღსანიშნავია, რომ დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვირუსულ-ბაქტერიული ასოციაციები ან ორი და მეტი სხვადასხვა ბაქტერია.
ვირუსული წარმოშობის პნევმონია გამოწვეულია A და B ტიპის ვირუსებით, ადენოვირუსით, პარაგრიპის ვირუსით, სპეციფიკური ინფექციების გამომწვევი ვირუსებით, როგორიცაა: წითელა, წითურა, ჩუტყვავილა და სხვა.
ბაქტერიებიდან აღსანიშნავია პნევმოკოკი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, პნევმონიის კლებსიელა, ნაწლავის ჩხირი, ლეგიონელა, პფაფერის ჩხირი, პროტეუსი, შავი ჭირის ჩხირი, გრამ-უარყოფითი ბაქტერიები და ა.შ.
ბაქტეროიდები: პნევმოსციტა, აცინობაქტერია, სპერგილა, აერომონი და ბრანქამელა მიჩნეული იყვნენ ჰოსპიტლური პნევმონიის გამომწვევ მიზეზებად, ამჟამად დადასტურებულია, რომ ეს აზრი მცდარია.
ასევე პნევმონიის მიზეზი შეიძლება გახდეს მიკოპლაზმები, ტუბერკულოზის მიკობაქტერია, პარაზიტები, ქლამიდიები, სოკოები. ქიმიური და ფიზიკური აგენტები ( ფილტვებზე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება მაგ.: ნავთობი.), თერმული ფაქტორები ( გაციება, დამწვრობა), რადიაქტიური გამოსხივება და სხვა ფაქტორები.
დაავადების გზები
მიკროორგანიზმები აღწევენ ფილტვში ზემო სასუნთქი გზებიდან (ცხვირ-ხახიდან ან პირ-ხახიდან). ეს პნევმონიის პათოგენეზში ინფიცირების ძირითადი გზაა.
იშვიათად სისხლის ან ლიმფოგენური გზით, გულმკერდის ტრამვის შედეგად (ინფექციის გავრცელება მეზობელი კერებიდან ან არაფილტვისმიერი კეროვანი ინფექციის კერიდან მიკროორგანიზმების ჰემატოგენური გაავრცელება და ა.შ.
პნევმონიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფილტვ-ბრონქის დამცავი მექანიზმებისა და ჰუმორული და ქსოვილოვანი იმუნიტეტის დარღვევა.
პნევმონიის სიმპტომები და მიმდინარეობა დამოკიდებულია მის წარმოშობასა და განვითარებაზე, მიმდინარეობის ფაზაზე, მორფოლოგიურ სუბსტრაქტზე, ფილტვებში გავრცელებასა და გართულებებზე.


Comments
Post a Comment